საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები

გრანტის ნომერი: FR/218/9-280/13

სათაური: საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული

მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 30.10.2014-30.03.2017

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოლაშვილი

ძირითადი პერსონალი: ნანა ბოლაშვილი, კუკური წიქარიშვილი, ლაშა ასანიძე, გივი ჯაში, ნუგზარ ღლონტი, დავით ოდილავაძე

ანოტაცია

საქართველოს სპელეოტურიზმის განვითარებისათვის დიდი პერსპექტივები გააჩნია.  კარსტვადი ქანების გავრცელების მიხედვით საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. აქ იკარსტება როგორც ზედაიურული, ასევე ცარცული სისტემისა და ქვედა პალეოგენის ყველა იარუსი და ქვეიარუსი, რასაც  განაპირობებს საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულება და მისი გეოლოგიური განვითარების ისტორია.

 კარსტული მღვიმეები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ტურისტული ინდუსტრიისათვის. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სპელეოტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოაქვს სახელმწიფოსათვის.

  პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მაღალმთიანი კირქვული მასივების გამოკვლევა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივების დადგენა.  გამოყენებული იქნა კვლევის გეოგრაფიული და გეოფიზიკური მეთოდები, სპეციალური აპარატურა - გეორადარი Zond 12e, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით გამოვლინდეს კარსტული პროცესების მოქმედების შედეგად წარმოშობილი სიცარიელეები, წყლის ფილტრაციული პროცესები და სხვ. გამოყენებული იქნა ძიების ელექტრომეტრული მეთოდები მუდმივი დენის გამოყენებით, რომელიც ხვედრითი ელექტრული წინააღმდეგობის მიხედვით საკმაოდ დიდი სიზუსტით ახდენს შესასწავლი გარემოს დიფერენციაციას, კირქვების სიმძლავრისა და ფართის დადგენას, ნაპრალური სტრუქტურების გამოვლინებას და ფილტრაციული ნაკადების მიმართულების დადგენას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე მიკვლეული და კადასტრირებული მღვიმეებიდან, ჩვენს მიერ კომპლექსური კვლევების საფუძველზე, სპელეოტურისტული მიზნებისათვის შეირჩა ოცამდე პერსპექტიული კარსტული მღვიმე (შურუბუმუ-დეიძახის კარსტული ფენომენები, ზაქარიასკლდე, მურადის მღვიმე, სოლკოტა, ძუძუანა და სხვ.), რომელთა კეთილმოწყობა და სპელეოტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, რაც თავის მხრივ ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო სპელეოტურების შექმნის პერსპექტივასაც იძლევა.  პროექტის ფარგლებში მიკვლეული მანამდე უცნობი მღვიმური სისტემები (საადამიოს წყლიანი დერეფანი - 800 მ; საწულეისკირო და სხვ.) შეტანილ იქნა აშშ-ს ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში. ხოლო ქვემო იმერეთში (ვანის რ-ნი, სოფ. ბზვანში) აღმოჩენილმა მღვიმემ (სიგრძე დაახლ. 300 მ) დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის მიღმა სპელეოლიტერატურაში მანამდე  უცნობი (მცირე ფართობის მქონე) კირქვული მასივის არსებობა დაადასტურა. ბაღდადის რ-ნი, ხანისწყლის ხეობაში, კაკას ხიდთან აღმოჩენილი იქნა ამ რაიონისათვის პირველი, ამასთანავე მნიშვნელოვანი სიდიდის  მღვიმე, რომელიც განვითარებულია ვულკანურ ქანებში, მოითხოვს დამატებით კვლევებს. ეს აღმოჩენები იმითია მნიშვნელოვანი, რომ სამხრეთ იმერეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ბაღდათისა და ვანის რ-ბში მანამდე არ იყო ცნობილი მღვიმის არსებობა (288 სიტყვა)        "მდ. ხობის ხეობაში (მიგარიას მასივის დასავლეთი ნაწილი), კერძოდ, შურუბუმუს მღვიმის და დეიძახის ვოკლუზური წყაროების მიდამოებში დაფიქსირდა მიგარიას მასივზე ფორმირებული  მიწისქვეშა კარსტული ნაკადების განტვირთვის  ძირითადი მიმართულებები, სადაც მოსალოდნელია დიდი მოცულობის მღვიმური სისტემების არსებობა. მომავალში ჩვენი საექსპედიციო ჯგუფის მიერ აქ დაგეგმილი შეღებილი წყლების ტრასირების ექსპერიმენტები ვიმედოვნებთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ     (დადებითად) გადაწყდება. აღნიშნული სისტემის გახსნისათვის მეცნიერული და პრაქტიკული სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

მდ. შიქშას ხეობაში ჩატარებული კომპლექსური კვლევები საფუძველს გვაძლევს რეკომენდაცია გავუწიოთ ამ რეგიონში წყლის საგუბარის ან წყალსაცავის მოწყობას. მისი მოწყობა მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გამორიცხულია მეწყრის ან ბუნების სხვა უარყოფითი მოვლენის განვითარება. წყალსაცავი იქნება გამდინარე და  მუდმივად განახლებადი. ამრიგად, წყალსაცავს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა - დასვენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მოსაშენებელ - სამრეწველო და ა. შ. ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსაცავის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის რაიონის ტურისტულ-რეკრეაციულ და ეკონომიკურ პოტენციალს.

ეკის კირქვული მთის ჩრდილო ფერდობზე მდებარე საადამიოს მღვიმეში, პირველად მოხდა ლიტველ სპელეოაკვალანგისტებთან ერთად შეღწევა და 280 მ-ი მღვიმური სისტემის შესწავლა. ლიტველი და ქართველი სპელეომყვინთავების ერთობლივი კვლევების შედეგად პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთში მიკვლეული იქნა 300 მეტრამდე სიგრძის წყლითა და ჰაერით გამოვსებული უცნობი სიფონური მონაკვეთი. დეტალური ინფორმაცია გადაეცა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს.

მომავალში კვლევები უნდა გაგრძელდეს ალპინისტ-სპელეოლოგების ფართო ჩართულობით, რათა მოხდეს ეკის მთის კარსტული ვერტიკალური სიღრუეების დაძლევა-გამოკვლევა. ჩვენი ვარაუდით ამ ვერტიკალურ სისტემებთან უნდა იყოს დაკავშირებული საადამიოს ჩვენს მიერ შესწავლილი მღვიმური სისტემა. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, სწორედ აერაციის ზოლში, რომელიც გადის საადამიოს მღვიმის ზედა საფუძველზე, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი მოცულობის სიღრუეები.

მიგარიას და ეკის მთის მასივები საკმაოდ სოლიდური პოტენციალის მქონეა. აქ წარმოდგენილი კარსტული მდინარეები და ნაკადები, ვოკლუზური წყაროები, მიწის წიაღიდან ამოსული კარსტული წნევიანი და თერმული წყლები, მიწისქვეშა და ზედაპირული კარსტული ფორმები, კირქვის სვეტები და სხვა ეროზიის მოწმეები, ღრმა კანიონები, ულამაზესი ჩანჩქერები, მღვიმეები, ჭები, შახტები და უფსკრულები, გადაადგილებული (ერატიული) ლოდები, ენდემური მცენარეები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და ა. შ. ერთობლიობაში წარმოადგენს საუკეთესო რეკრეაციულ რესურს.